რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მეორადი ავტომობილის ყიდვისას, რათა თავიდან ავირიდოთ სამომავლო გართულებები.

ავტომობილის გარეგნობის, მისი კარკასის, ძრავის და ინტერიერის მდგომარეობის პირველადი შემოწმება გამოუცდელ მყიდვესაც მარტივად შეუძლია.

რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ამას უფრო გამოცდილი მძღოლი, ან ხელოსანი გააკეთებს, მაგრამ ყიდვის წინ მანქანა თავადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ.  მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, მალევე ამოიცნობთ შეუფერებელ მანქანას და ამით თავიდან აირიდებთ სამომავლო გართულებებს.

შემოწმების ეტაპები:

ავტომობილის VIN კოდით შემოწმება

ინტერნეტში შერჩეული ავტომობილის ფიზიკურ დათვალიერებამდე, პირველ რიგში დაუკავშირდით მფლობელს და გამოართვით VIN კოდი, ეს საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ მანქანის ისტორია. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გამყიდველების 37% არაკეთილსინდისიერად იქცევიან და მანქანის გარბენს ტექნიკური ჩარევით ამცირებენ (გარბენის ჩამოყრა).

VIN კოდით ავტომობილის შემოწმება საშუალებას გაძლევთ, ნახოთ ავტომობილის რეალური გარბენი აუქციონზე გაყიდვის მომენტში.

ასევე ნახავთ რა სერვისები აქვს გავლილი თქვენ მიერ შერჩეულ ავტომობილს წარსულში, რამდენი ჰქონდა გარბენი საქართველოში ჩამოყვანამდე, რა ჰქონდა დაზიანებული და ა.შ. VIN-ით მანქანის შემოწმება შეგიძლიათ სპეციალურ საიტებზე (მაგ: clearvin.com), ასევე შეგიძლიათ Google გამოიყენოთ (როგორც უფასო საშუალება), ის გაჩვენებთ რა დაზიანებით და რა მდგომარეობით გაიყიდა აღნიშნული მანქანა ამერიკის აუქციონზე.

გარეგანი დათვალიერება

მას შემდეგ რაც ავტომობილს VIN კოდით შეამოწმებთ და არსებული მდგომარეობა თქვენთვის მისაღებია, ვიზუალური დათვალიერების ჯერი დგება. ამ დროს აუცილებელია, რომ მანქანა კარგად გარეცხილი იყოს და მისი დათვალიერება მოხდეს დღის სინათლეზე.

პირველ რიგში, დააკვირდით ხომ არ არის შეღებილი, ამისთვის შეგიძლიათ კარის რეზინი ოდნავ გადასწიოთ და შიდა მხარე გარე კარკასს შეადაროთ, თუ ფერები ერთმანეთს არ ემთხვევა, დიდი ალბათობით მანქანა შენაღებია.

ავტომობილის ძარის დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ ჟანგის კვალს, განსაკუთრებით კარის ზღურბლზე და გვერდითა ფრთების კიდეებზე, თუ ჟესტზე ჟანგის კვალი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ უარი თქვით ყიდვაზე.

გაითვალისწინეთ – ნებისმიერი ნაწილის შეცვლაა შესაძლებელი, მაგრამ თუ ძარა დამპალია, ის ჯართშია ჩასაბარებელი.

რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი მანქანის ყიდვისას, პრაქტიკული რჩევები
ავტომობილის ძარის დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ ჟანგის კვალს

გამოცდილი მძღოლები გულდასმით ამოწმებენ კარკასის დეტალებს შორის არსებულ დაშორებებს (ე.წ. ზაზორებს), არათანაბარი დაშორებები მიანიშნებს, რომ მანქანა ნაავარიებია.

დააკვირდით საბურავების მდგომარეობას, მათ ცენტრს არ უნდა ჰქონდეს დარღვეული გეომეტრია, თუ ცალ მხარეს ცვეთა შეამჩნიეთ სავარაუდოდ მანქანის გეომეტრიაა დარღვეული. აუცილებლად შეამოწმეთ სამუხრუჭე დისკები (აპორნები), რომლებიც არ უნდა იყოს ზომაზე მეტად გაცვეთილი და არ უნდა ეტყობოდეს ბზარები.

რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი მანქანის ყიდვისას, პრაქტიკული რჩევები
თუ საბურავზე ცალ მხარეს ცვეთა შეამჩნიეთ, სავარაუდოდ მანქანის გეომეტრიაა დარღვეული

ძრავის შემოწმება

ძრავის ვიზუალური შემოწმება ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა შედეგი მაინც მოაქვს. ზედმეტად ჭუჭყიანი ძრავა, რომელსაც ზეთის ნადები ეტყობა, მფლობელის მანქანის მიმართ ამაზრზენ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ძრავა პრობლემების გარეშე იმუშავებს.

ასევე საფუძვლიან ეჭვს იწვევს ძალიან სუფთა ძრავა. ბევრი გამყიდველი, გაყიდვამდე, სპეციალურად რეცხავს ძრავას. ეს ასევე შეიძლება იყოს მოტყუების მცდელობა.

რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი მანქანის ყიდვისას, პრაქტიკული რჩევები
ბევრი გამყიდველი, გაყიდვამდე, სპეციალურად რეცხავს ძრავას

გაცილებით მნიშვნელოვანია ძრავის ზეთის დონე და მდგომარეობა. თუ შუპზე თეთრი ქაფი შეამჩნიეთ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მანქანის შემოწმება, ეს ნიშნავს რომ სავარაუდოდ მატორს ზეთში წყალი გადააქვს.

შუპზე ღია და გამჭვირვალე ზეთის დანახვისას, ლოგიკურია დავსვათ კითხვა ზეთის ცვლილების დროისა და მიზეზის შესახებ. კონდენციონერში ფრეონის დონე და მდგომარეობა, ასევე უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს.

სთხოვეთ გამყიდველს მანქანის დაქოქვა. გააღეთ კაპოტი და დააკვირდით ძრავს, მნიშვნელოვანია, რომ ძრავს არ უნდა ჰქონდეს ძლიერი ვიბრაცია, რყევა, გარე ხმები და კაკუნები.  თავისუფალ რეჟიმში ტახომეტრს არ უნდა ჰქონდეს პერიოდული ჩავარდნები, არ უნდა იგრძნობოდეს მომენტებში ძრავის მკვეთრი შესუსტება.

თუ გამონაბოლქვში ცისფერი კვამლი შეამჩნიეთ, შეგიძლიათ დატოვოთ აღნიშნული ავტომობილი, ეს ნიშნავს რომ მატორი ზეთს ჭამს და საჭიროებს შეკეთებას.

გამონაბოლქვში წნევის შემოწმება ყველაზე ადვილია ხელის გულით – ის უნდა იყოს მჭიდრო და თანაბარი, თუ მაყუჩიდან გამონაბოლქვი ჰაერი არ არის საკმარისად მჭიდრო, ეს ნიშნავს რომ დიდი ალბათობით კატალიზატორია დაბინძურებული და გაჭედილი.

მანქანის ინტერიერის დათვალიერება

სალონში შეამოწმეთ სავარძლების ზედაპირის მდგომარეობა, დააკვირდით ნაკაწრებს, ლაქებს, სიგარეტისგან დამწვრობებს. ასევე შეამოწმეთ მინების ამწევ-დამწევი და სავარძლების მორგების მექანიზმები. შეამოწმეთ საჩვენებელი დაფის (პრიბორების) და ტორპედოს მდგომარეობა. აღმოჩენილ ხარვეზებს მანქანის მუშაობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აკისრია, თუმცა ისინი შესაძლოა გახდეს ფასის დაკლების საფუძველი.

რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი მანქანის ყიდვისას, პრაქტიკული რჩევები
სალონში აღმოჩენილი ხარვეზები შესაძლოა გახდეს ფასის დაკლების საფუძველი

ჩართეთ რადიო, მოუსმინეთ დინამიკებს.  შეამოწმეთ აუდიო CD პლეერი. აუცილებლად  ჩართეთ კონდიციონერი, შეამოწმეთ გაგრილების და გათბობის რეჟიმები.  თუ დაზიანებას აღმოაჩენთ, უარი თქვით შეძენაზე.  კონდიციონერის და აუდიო სისტემების შეკეთება საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია.

ტესტ-დრაივი

ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ჯერი მანქანის რეალურ პირობებში გამოცდაზე დგება. დაქოქეთ მანქანა და მოძრაობის პირველ ეტაპზე ყურადღება მოკიდების სისტემის (სცეპლენია) მუშაობას მიაქციეთ, ავტომოტური კოლოფის შემთხვევაში დააკვირდით რამდენად დროულად და თანაბრად ცვლის სიჩქარეებს. სიარულის დროს მოუსმინეთ, გამოსცემს თუ არა ავტომობილი საეჭვო ხმებს, აუცილებლად გადადით უსწორმასწორო გზაზეც.

გახსოვდეთ, რომ ეს არის სატესტო გასეირნება (თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ უარი თქვათ აღნიშნული ავტომობილის ყიდვაზე), იყავით ბოლომდე კონცენტრირებული, გამორთეთ რადიო, დააიგნორირეთ მფლობელის საუბრები, ან თავაზიანად სთხოვეთ მას გაჩუმდეს.

ტახომეტრზე დაკვირვება ბევრს მოგცემთ, გაზის პედალზე დაჭერით სიჩქარე უნდა მოემატოს უწყვეტ რეჟიმში, ისრის გაჩერებისა და დაცემის გარეშე. ასევე დააკვირდით, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობაში მანქანის საჭე არ უნდა ვიბრირებდეს.

ავტომობილის სერვისში შემოწმება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძრავის მუშაობა დადებითად შეაფასეთ, აუცილებელია ავტოსერვისის მონახულება. თუ ნაცნობი ხელოსანი გყავთ შეგიძლიათ მასთან მიიტანოთ ავტომობილი, ან შეგიძლიათ ქსელურ ავტოსერვისებს მიმართოთ.

თუ გამყიდველი კეთილსინდისიერია ამას წინააღმდეგი არ იქნება, ასეთ დროს მფლობელის მხრიდან უარი ვაჭრობის შეწყვეტის კარგი მიზეზია.

ავტოსერვისის თანამშრომლები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან მყიდველის როლში, უარს არ ამბობენ მანქანის გულდასმით დიაგნოსტიკაზე, როგორც წესი ისინი კარგად აცნობიერებენ ყიდვის მნიშვნელობას. ავტომობილის დეტალური დიაგნოსტიკა დაგანახებთ მანქანის მდგომარეობის რეალურ სურათს.

რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი მანქანის ყიდვისას, პრაქტიკული რჩევები
ავტომობილის დეტალური დიაგნოსტიკა დაგანახებთ მანქანის მდგომარეობის რეალურ სურათს

და ბოლოს, თუ ავტომობილს ტექ. დათვალიერება არ აქვს გავლილი, მფლობელთან შეთანხმებით აუცილებლად გაატარეთ ყიდვამდე.

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

მეორადი მანქანის ყიდვა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]