24 Heures du Mans – ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ავტო-რბოლა მსოფლიოში, რომელიც გამძლეობაზეა დაფუძნებული.
1923 წლიდან მოყოლებული “ლე-მანის 24 საათი” ყოველწლიურად საფრანგეთის ქალაქ ლე-მანში, “სარტის ავტოდრომზე” იმართება. რბოლა ტრადიციულად საფრანგეთის დროშის ფრიალით იწყება, შემდეგ ორგანიზატორები აძლევენ რბოლის დაწყების სიგნალს, ხოლო ბოლო წრეზე უსაფრთხოების დროშების ფრიალით სრულდება.

“ლე-მანის 24 საათის” დაბადება
1881 წელს ლე-მანში (Le Mans, საფრანგეთი) გამოჩნდა “სარტის ავტომოყვარულთა კავშირი”, რომელმაც 1887 წელს პირველ შეჯიბრს სარტის წრეზე, ხოლო 1906 წელს – საფრანგეთის გრან პრის უმასპინძლა. განვითარების საწყისი გახდა რბოლა, რომელიც 1923 წლის 26 მაისს გაიმართა. ამ მომენტიდან ავტოშეჯიბრება რეგულარულად ტარდება. მანქანა, რომელიც სრული ერთი დღე კრიტიკული დაზიანების გარეშე გაძლებდა და თავის კონკურენტებზე სწრაფი აღმოჩნდებოდა, რბოლის გამარჯვებული ხდებოდა.

ტრასა – CIRQUIT DE LA SARTHE
“სარტის ავტოდრომი” ძირითადად საზოგადოებრივი გზებისგან შედგება. მისი თავდაპირველი სიგრძე 17 კმ-ზე მეტი იყო, მაგრამ წლების განმავლობაში რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ მისი სიგრძე 13,65 კმ გახდა. 1990 წლამდე ტრასა მოიცავდა 5 კილომეტრიან სწორ მონაკვეთს, თუმცა მოგვიანებით სიჩქარის შეზღუდვის მიზნით, ეს მონაკვეთი ორ კლაკნილ ნაწილად დაიყო.

შეჯიბრების მიზანი
რბოლის ამოცანა მაქსიმალური სიჩქარის განვითარებასთან ერთად, მანქანების საიმედოობის და ეფექტურობის დადგენაა. თავის კლასში გამარჯვებული არის ეკიპაჟი, რომელიც 24 საათში ყველაზე მეტ წრეს გააკეთებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამას რესურსების მინიმალური დანაკარგით მოახერხებს. რბოლის განმავლობაში ბოლიდმა უნდა შეინარჩუნოს კარგი მდგომარეობა და აჩვენოს საუკეთესო შედეგები.
განრიგი
ლე-მანის რბოლის დებიუტი პირველად 1923 წლის 26-27 მაისს შედგა, შემდეგ წლებში შეჯიბრი ივნისში იმართებოდა. თანდათანობით მარათონის ჩატარების თარიღად ივნისის მეორე შაბათ-კვირა ჩამოყალიბდა.

კვალიფიკაცია
1963 წლამდე სტარტზე საერთო რეიტინგში, მონაწილეთა რანგი დამოკიდებული იყო ავტომობილის ძრავის მოცულობაზე, მოგვიანებით გადამწყვეტი წინასწარი კვალიფიკაციის შედეგები გახდა.

რბოლის დაწყება, ადგილიდან სტარტი
გამარჯვებული ხდებოდა ბოლიდი, რომელიც დანიშნულ დროში ყველაზე მეტ წრეს მოასწრებდა. სტარტის დროს ბოლიდები ტრასის ნაპირზე იდგნენ, ხოლო პილოტები მათ საპირისპიროდ იყვნენ განლაგებული, რბოლის დაწყებისას მრბოლელს თავად უნდა მიერბინა მანქანასთან, ჩამჯდარიყო, შეეკრა უსაფრთხოების ღვედები და აეღო სტარტი.

1971 წლიდან, ავარიების სიმრავლის გამო, რბოლის მოძრაობაში დაწყება დაინერგა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული ხდება ის, ვინც დათქმულ დროში ყველაზე მეტ დისტანციას დაფარავს. წესების შეცვლის მიზეზი დაღუპულთა დიდი რაოდენობა გახდა. პილოტები, რომლებიც რბოლის სწრაფად დაწყებას ცდილობდნენ, ხშირად ღვედებს არ იკრავდნენ, ან სანამ მანქანამდე მიაღწევდნენ, სხვა მრბოლელების მანქანის მსხვერპლები ხდებოდნენ.

LE Mans-ის 24 საათიანი რბოლის ტექნიკა
მარათონში სულ 4 კლასის ბოლიდი ასპარეზობს: ლე-მანის (LMP) 2 უმაღლესი კლასის პროტოტიპი LMP1 და LMP2, 2011 წლიდან მათ ორი კლასის Gran Turismo: GT Endurance Pro და GT Endurance AM შეემატათ.

პილოტები
თავდაპირველად რბოლაში პილოტების რაოდენობა რეგულირებული არ იყო, მაგრამ 1980 წელს მათი რაოდენობა 3-მდე შეიზღუდა (ერთი გუნდიდან 3 მრბოლელი). 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მძღოლებს მანქანის მართვა გადაბმულად 4 საათზე მეტი არ შეუძლიათ, ხოლო მთელი რბოლის განმავლობაში ერთ მძღოლს ბოლიდის მართვის დრო 14 საათამდე შეეზღუდა.

ყველაზე დიდი ავარია ავტოსპორტის ისტორიაში
რბოლებზე ბევრი ავარია მომხდარა. 1986 წელს პილოტი ჯო გარტნერი ღობეზე შეჯახებისას დაიღუპა. 2011 წელს, Ferrari GT-სთან შეჯახების შედეგად, Audi-ის ბოლიდი ბარიერს შეეჯახა და დაილეწა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის…

ავარიის აღწერა
ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ავარია 1955 წლის 11 ივნისს მოხდა, რომელშიც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Austin-Healey 100-თან შეჯახების შემდეგ Pierre Levegh-ის Mercedes-Benz 300 SLR მაყურებლებთან გამყოფ ბარიერს გადააფრინდა და პუბლიკაში შევარდა. ლევეგი, რომელიც კაბინიდან გადმოვარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები
მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ, პიერ ლევეგი უკნიდან დაეჯახა Austin-Healey 100-ს, რომელიც მის წინ მიმავალი Jaguar D-Type-ის გვერდის ავლას ცდილობდა (მანამდე Jaguar D-Type-მა მკვეთრად დაამუხრუჭა). შეჯახების შედეგად ლევეგის Mercedes-Benz 300 SLR-მა მიწასთან კონტაქტი დაკარგა, მანქანა ჰაერში აფრინდა და მაყურებლებში გადავარდა.
უბედური შემთხვევის შედეგები
ავარიის შედეგად დაახლოებით 84 მაყურებელი დაიღუპა (მანქანის ნამსხვრევების ზემოქმედებით და გაჩენილი ხანძრის შედეგად), ხოლო 178 ადამიანი დაშავდა. ავარიის შემდეგ ავტორბოლები რიგ ქვეყნებში საერთოდ აიკრძალა: გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში (სადაც რბოლა არასოდეს ჩატარებულა) და ესპანეთში.

ავარიამ მსოფლიოში საავტომობილო რბოლების დროს, უსაფრთხოების ნორმების გაზრდა გამოიწვია. ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების უმეტესობამ მომდევნო წელსვე გააუქმა ავტორბოლის აკრძალვები. ოფიციალური გამოძიების შედეგებმა უარყო ინციდენტში პილოტების ბრალი, ხოლო მაყურებლების გარდაცვალების მიზეზი უსაფრთხოების არასაკმარისი დაცვა გახდა.
რბოლის ისტორია ათწლეულების მიხედვით
1923-1939 წწ
რბოლა 1923 წლის 26 მაისს ქ. ლე-მანში დაიწყო. იმავე წელს მოხდა პირველი ავარია რბოლის ისტორიაში – პილოტი ფინიშის შემდეგ სხვა ბოლიდის ბორბლებს ქვეშ მოჰყვა და დაშავდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო რბოლა 10 წლის განმავლობაში აღარ ჩატარებულა.

1949-1969 წწ
ავტორბოლა 1949 წელს განახლდა. მონაწილეთა სია გაფართოვდა. მზარდმა პოპულარობამ ხელი შეუწყო სიჩქარის ნორმების გაზრდას და 1955 წელს მოხდა ზემოთხსენებული საშინელი ავარია, რომელმაც რამდენიმე ათეული მაყურებელი და პილოტი შეიწირა.

1970-1980 წწ
1970-იან წლებში იწყება გაძლიერებული ბოლიდების და მაღალი სიჩქარის ერა. ადგილიდან სტარტი იცვლება მოძრაობაში სტარტით. Porsche ხდება ამ ათწლეულის უდავო ლიდერი.

1981-1993 წწ
1980-იან წლებში მყარი პოზიცია დაიკავეს Jaguar-მა და Mercedes-Benz-მა, თანდათანობით დაიმკვიდრეს თავი იაპონურმა ბოლიდებმა. 1990-იანი წლების დასაწყისში ლე მანის ლიდერობა Peugeot 905-მა დაიმკვიდრა. იმისთვის, რომ ბოლიდებმა ექსტრემალური სიჩქარე არ განავითარონ (მანქანის მიწიდან მოწყვეტის და ჰაერში აფრენის თავიდან ასარიდებლად), 5 კილომეტრიანი სწორი მონაკვეთი ორ კლაკნილ ხაზად დაიყო.
1994-1999
სპეციალურად მომზადებული სერიული მანქანების დაბრუნების პერიოდი. 1999 წელს პირველ სარბოლო გამარჯვებას აღწევს BMW (ბოლიდი BMW V12 LMR).

2000-2005 წწ
რბოლაში მონაწილეობა საკმაოდ ძვირი ხდება, ამიტომ 2000-იანი წლების დასაწყისში კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა მცირდება. ამ პერიოდში ლე მანის წრეზე დამაჯერებლად დომინირებს Audi (ბოლიდი R10).

ლე-მანის ევროპული სერია
2003 წელს ლე-მანის სერიის დამფუძნებელმა, ფრანგულმა “დასავლეთ საავტომობილო კლუბმა”, ევროპაში რბოლების ორგანიზება თავის თავზე აიღო, ასე დაიბადა ლე-მანის ევროპული სერია. სერიის პირველი წელი მხოლოდ ერთი სატესტო ეტაპით შემოიფარგლა, მომდევნო წელს კი 4 ასეთი ეტაპი გაიმართა. მას შემდეგ სერია რეგულარულად ტარდება და 4-5 ეტაპისგან შედგება.

ამერიკული სერია
ამერიკელმა ბიზნესმენმა დონ პანოსმა გააფორმა შეთანხმება “დასავლეთ საავტომობილო კლუბთან”, რომელიც მიზნად ისახავსლდა აშშ-ში ლე-მანის 1000 კილომეტრიანი რბოლის ანალოგის შექმნას. პირველი შეჯიბრი 1998 წელს გაიმართა და უკვე 1999 წელს ჩემპიონატი ცნობილი გახდა, როგორც “ამერიკული ლე-მანის სერიები” (American Le Mans Series). 2000 წელს სერია გეოგრაფიის გაფართოებას ეცადა, რაც მოიცავდა რბოლებს სილვერსტოუნში, ნიურბურგრინგსა და ადელაიდაში, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

აზიური სერია
Asian Le Mans Series – რამდენიმე ავტორბოლას აერთიანებს, ის ტარდება აზიაში, 24 Heures du Mans-ის წესების გათვალისწინებით.

რბოლა, როგორც პროგრესის ძრავა
ტრასის სირთულეების დასაძლევად, ბოლიდების დიზაინში რეგულარულად ჩნდებოდა სიახლეები, ავტომობილების მწარმოებლებმა შეიმუშავეს სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები. რბოლამ ავტოსპორტის მიმართულებით მრავალი სიახლე გამოიწვია. ინოვაციები ძირითადად ან წესებით იყო ნაკარნახევი, ან კონკურენციის შედეგად შექმნილი.

აეროდინამიკა
რბოლაში წარმატების გასაღები მაღალი სიჩქარეა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ტრასის განლაგებასთან (სწორ და კლაკნილ მონაკვეთებთან). რადგანაც ტრასა ძირითადად კლაკნილი მონაკვეთებისგან შედგება, უპირატესობა მოსახვევში მაქსიმალური სიჩქარის განვითარებას მიენიჭა, ამისთვის კი ბოლიდის მიწასთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა იყო საჭირო. აეროდინამიკის დასაწყისი პირველად Bugatti-ს მანქანებზე გამოჩნდა, ეს ბოლიდებს უკანა მხარეს ჰაერის წნევის ზეწოლის გამო, მიწიდან მოწყვეტის საშუალებას არ აძლევდა.

ძრავები
რბოლის მონაწილეები სხვადასხვა ძრავებს იყენებდნენ, რადგან მიზანს არა მხოლოდ მაღალი სიჩქარის განვითარება, არამედ საწვავის ეკონომია და ავზის შევსებაზე დახარჯული დროის ოპტიმიზაცია წარმოადგენდა.
სუპერდამუხტვა 1969 წელს, ხოლო ტურბოდატენვა 1974 წელს გამოჩნდა. Mazda არის ერთადერთი გამარჯვებული რბოლაში როტორული ძრავით, რომელიც მოგვიანებით აიკრძალა. 1949 წლიდან გამოიყენება საწვავის ალტერნატიული წყაროები, ხოლო 2009 წლიდან ჰიბრიდულ მანქანებს მიეცათ მონაწილეობის უფლება.
მუხრუჭები
ტრასაზე სიჩქარის ტენდენციის მატებასთან ერთად, ლე-მანის 24 საათში, ბევრ გუნდს მეტად ეფექტური დამუხრუჭების სისტემების დანერგვის აუცილებლობა დაუდგა. 1953 წელს პირველად გამოჩნდა ბოლიდი სამუხრუჭე დისკებით. 1955 წელს მერსედესმა თავისი ინოვაცია – აეროდინამიკური მუხრუჭები წარმოადგინა. 1980-იან წლებში დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემა (ABS) გახდა ინოვაცია, ხოლო 1990-იან წლებში კარბონზე დაფუძნებული კომპოზიციური მუხრუჭების გამოყენება დაიწყო.

ავტომწარმოებლების წარმატება “Le Mans-ის 24 საათში”
რბოლის ისტორიაში ბევრმა ავტომწარმოებელმა გაიმარჯვა. მათ შორის არიან: Porsche, Audi, Ferrari, Bentley, Alfa Romeo, Jaguar, Mazda, Ford. რბოლების ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას პორშემ მიაღწია, გერმანულმა ბრენდმა “ლე-მანის 24 საათი” 19-ჯერ მოიგო. მისი უახლოესი მეტოქე ასევე გერმანული აუდია, რომელმაც რბოლა 13-ჯერ მოიგო, ხოლო იტალიურ Ferrari-ს 9 გამარჯვება აქვს.
2000 წლიდან მოყოლებული რეიტინგში Audi-ის გუნდი დომინირებს. Jaguar-ს 7 მოგება აქვს. Mazda ერთადერთი იაპონური გუნდია, რომელმაც ლე-მანის მარათონში გაიმარჯვა.

კულტურული დატვირთვა
2016 წელს ცნობილმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა დააარსა Jackie Chan DC-ის გუნდი, უკვე 2017 წელს გუნდმა LMP2 კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო საერთო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

კინო
“ლე-მანი” – 1971 წელს შედგა მხატვრული ფილმის პრემიერა რბოლის შესახებ, რომელშიც მრბოლელი მაიკლ დელანის როლი (Gulf Porsche-ს პილოტი) ამერიკელმა კინომსახიობმა, ავტო და მოტოციკლეტის მრბოლელმა, ტერენს სტივ მაკქუინმა შეასრულა.
2019 წელს ფილმი “ფორდი ფერარის წინააღმდეგ”, გადაიღეს, რომელშიც კენ მაილსს ცნობილი მსახიობი კრისტიან ბეილი ასრულებს.
“სიჩქარის წყურვილი”, სიუჟეტში ასახულია 2002 წლის მარათონი, მთავარი გმირი კი მიშელ ვაილანტია, გამოგონილი სარბოლო მანქანის მძღოლი, მსოფლიოს მრავალი ავტო რბოლის ჩემპიონი.

თამაშები
რბოლა “24 Heures du Mans” რამდენიმე ვიდეო თამაშის სიუჟეტის საფუძველი გახდა, ესენია: “Gran Turismo” სარბოლო თამაშების სერია, რომელიც Polyphony Digital-მა შემუშავა და “GRID” Codemasters-ის მიერ შექმნილი სარბოლო ვიდეო თამაში.

ტრანსლაციები
2008 წელს გაფორმდა მრავალწლიანი ხელშეკრულება Eurosport-თან მთელი მარათონის (კვალიფიკაციისა და რბოლების ჩათვლით) Eurosport-ზე და Eurosport 2-ზე გაშუქებაზე. მანამდე რბოლებს 2006 და 2007 წლებში Motors TV ავრცელებდა.
ავტორბოლა ლე-მანის ლეგენდები – LE Mans Legends
“ლე-მანის ლეგენდები” – აღნიშნულ რბოლაში მხოლოდ ის მანქანები მონაწილეობენ, რომლებმაც ადრე უკვე მიიღეს მონაწილეობა შეჯიბრებაში. მუდმივ პილოტებს შორის იმყოფება ცნობილი ბრიტანელი მრბოლელი სტერლინგ მოსი.

LE Mans Classic
“ლე-მანის კლასიკა” – ვინტაჟური სარბოლო მანქანების შეჯიბრი, რომელიც “სარტის წრეზე” მიმდინარეობს. პირველად კლასიკური ბოლიდების შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.
