მარტივი და პრაქტიკული რჩევები, რომლებიც საწვავზე ეკონომიის გაკეთებაში დაგეხმარებათ

ბოლო წლებში საქართველოში საწვავი რეგულარულად ძვირდება, ამიტომ წვის ეკონომიის საკითხი ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ბენზინის ან დიზელის მოხმარების საგრძნობლად შემცირების რამდენიმე მარტივი გზა არსებობს, რაც ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

1. იმოძრავეთ დაბალანსებული ტემპით

ყველაზე მეტ საწვავს ავტომობილი ადგილიდან დაძვრის დროს მოიხმარს. ეკონომიკურობის თვალსაზრისით ყველაზე არამომგებიანი პოზიცია ადგილიდან მაღალი “აბაროტით” და დაბალი სიჩქარით დაძვრაა. ამ მომენტში, ძრავზე დატვირთვა გაცილებით მაღალია, ვიდრე ერთი რითმით მოძრაობისას.

გასწრებაზე დაბალ სიჩქარეში გადმოტანა და ისე აჩქარება (ავტომატიკის შემთხვევაში გაზის პედალზე მკვეთრი დაჭერა) ეკონომიურობისთვის ასევე დამღუპველია.

ზედმეტი “გაზაობის” გარეშე, საწვავის მოხმარების შემცირება შესაძლებელია ერთი ან ორი ლიტრით 100 კმ-ზე, რაც წლის ბოლოს დიდ სხვაობას მოგცემთ ბიუჯეტში.

ასევე სასურველია თავი აარიდოთ მოძრაობისას მანქანის ხშირ გაჩერებებს. საცობში ეცადეთ შეინარჩუნოთ დისტანცია და ისე იმოძრავოთ, რომ წინ მიმავალი მანქანის გამო რაც შეიძლება ნაკლები გაჩერება მოგიწიოთ.

მაგალითად, როდესაც დაინახავთ ავტომობილის სამუხრუჭე შუქებს, მაშინვე შეანელეთ და ნელი სვლით მისდიეთ, ამით ხშირ შემთხვევაში მთლიანად გაჩერება არ მოგიწევთ.

ანალოგიურად შეგიძლიათ მოიქცეთ შუქნიშანზე, როდესაც ხედავთ, რომ უახლოვდებით შუქნიშანს რომელზეც წითელი ანთია, შეამცირეთ სიჩქარე და სანამ ნელი სვლით მიუახლოვდებით ამასობაში მწვანეც აინთება, შედეგად შუქნიშანს გაჩერების გარეშე გაივლით და საწვავის ეკონომიასაც გააკეთებთ.

2. სიჩქარეების კონტროლი

თუ ავტომატურ კოლოფზე ვსაუბრობთ, მძღოლზე ცოტა რამ არის დამოკიდებული (თუმცა მაინც არის), მაგრამ “მექანიკა” საწვავის დაზოგვის კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს.

ტრანსმისის ტიპის მიუხედავად, არსებობს ერთი დაუწერელი კანონი: უნდა გადართოთ მაქსიმალურად მაღალ სიჩქარეში, რამდენადაც ამის საშუალებას გზაზე მოძრავი ნაკადი მოგცემთ.

თანამედროვე მანქანებზე ავტომატური ტრანსმისია ისეა მოწყობილი, რომ თავად რთავს ყველაზე მაღალ სიჩქარეში, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

მთავარია არ გადართოთ სპორტულ რეჟიმში და ბოლომდე არ ჩააჭიროთ გაზის პედალს, ამ შემთხვევებში მანქანა ბოლომდე “აწურინებს” და ყველა დანაზოგი მცირდება.

“მექანიკაზე” მძღოლმა თავად უნდა იგრძნოს სიჩქარის შეცვლისთვის შესაფერისი მომენტი. ანუ, პირველიდან, პირდაპირ მეხუთეში არ უნდა ჩააგდოთ, დააკვირდით ტახომეტრს და მშვიდი მოძრაობით დაახლოებით 2000 ბრუნზე გადართეთ სიჩქარე.

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანა აშკარად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ავტომატიკა. ამ უკანასკნელში მეტია გადამცემი სიმძლავრის დანაკარგები, გარდა ამისა, ელემენტარულად უფრო მძიმეა, ზედმეტი კილოგრამები კი ზედმეტი ხარჯია.

3. ოთხივე წამყვანის შემთხვევაში გამორთეთ “კვადრო” რეჟიმი (თუ ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა)

გაითვალისწინეთ, რომ სიტუაცია აქ ორმხრივია: ზოგ შემთხვევაში ოთხივე წამყვანი ხარჯავს მეტ საწვავს, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით ზოგავს.

მაგალითად ტრასაზე აქვს აზრი გადაცემის 2WD რეჟიმში გადართვას –  ამით მანქანა დაზოგავს ენერგიას, რომელიც მეორე ღერძზე სიჩქარის გადაცემაში უნდა დახარჯოს. შედეგად საწვავის მოხმარება, ცოტა, მაგრამ შემცირდება.

სხვა საქმეა ზამთრის ამინდებში. ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში 4WD რეჟიმი შეიძლება სასურველი იყოს, არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მანქანა უფრო ეკონომიური იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ისრიალებს. გახსოვდეთ, რომ თუ 2WD რეჟიმში ავტომობილი ტალახში ან თოვლში ჩარჩება, მაშინ როგორც საწვავის, ასევე დროის დანაკარგი შეუდარებლად დიდი გექნებათ.

4. არ დაგავიწყდეთ ძრავის გამორთვა

როდესაც მანქანა გაჩერებულია, ხოლო ძრავი ჩართული, ბუნებრივად ცოტა საწვავი იხარჯება – საათში 1 ლიტრზე ნაკლები, მაგრამ კილომეტრზე საშუალო მოხმარება იზრდება მაქსიმალურად. უბრალოდ წარმოიდგინეთ, არსად არ მიდიხართ, საწვავი კი (თუნდაც მცირე) უმიზნოდ იხარჯება! 

შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე მოდელები ავტომოტური ჩაქრობა/დაქოქვის სისტემებით არის აღჭურვილი, რომლებიც შუქნიშანზე ხანმოკლე გაჩერების დროსაც კი აქრობს ძრავს.

საქართველოში მძღოლების უმეტესობას არ აქვს ასეთი სისტემა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ხელით გამორთოთ ძრავა გაჩერებების დროს, ყოველ შემთხვევაში, ამის გაკეთება ნამდვილად ღირს, თუ ერთ წუთზე მეტ ხანს დგახართ.

5. აკონტროლეთ წნევა საბურავებში

რაც უფრო დაბალია წნევა, მით უფრო მაღალია ბორბლების მოძრაობის წინააღმდეგობა და შესაბამისად, უფრო მაღალია საწვავის მოხმარება.

ნაკლებად დაბერილი საბურავები ეკონომიურობის მტერია. მაგრამ არც საბურავების ზომაზე მეტად დაბერვა ღირს (უსაფრთხოების გამო). წნევა უნდა შეესაბამებოდეს ავტომობილის ინსტრუქციებში მითითებულ ნიშნულებს (ხშირად ისინი დატანილია სტიკერით, წინა კარზე ან საწვავის ავზის სახურავზე).

სხვათა შორის, თავად საბურავის ტიპი ასევე დიდ გავლენას ახდენს საწვავის მოხმარებაზე. გერმანულმა საავტომობილო კლუბმა ADAC-მა ჩაატარა ტესტები, რომლის დროსაც მათ დაადგინეს, რომ საბურავებს, რომლებსაც მოძრაობის დაბალი წინააღმდეგობა აქვთ, შეუძლიათ შეამცირონ საწვავის მოხმარება 0,5 ლ / 100 კმ-ზე.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი საბურავები ყოველთვის უფრო ძვირი ღირს.

6. ამოიღეთ ყველაფერი რაც არ გჭირდებათ

ზედმეტი წონა – ზრდის საწვავის მოხმარებას.  Რამდენად?  ADAC კლუბი გვიზიარებს შემდეგ მონაცემებს: ყოველი 100 კგ ტვირთი ზრდის საწვავის მოხმარებას 0,3 ლ/100 კმ-ზე.

პირველ რიგში მოაწესრიგეთ ნივთები საბარგულში. გადახედეთ რასაც არ იყენებთ, ან იშვიათად იყენებთ ჯობია ამოიღოთ, რადგან ამძიმებს თქვენს მანქანას. ზოგიერთი რამ არ გჭირდებათ ზაფხულში, ან პირიქით ზამთარში და ა.შ.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებულია სათადარიგო საბურავი, ჩვენ ნამდვილად არ, და ვერ გირჩევთ, ამოიღოთ ის საბარგულიდან, ბოლოსდაბოლოს საქართველოში ვცხოვრობთ და გზაზე ყველაფერი შეიძლება შეგვემთხვეს. თუმცა, თუ მხოლოდ ქალაქში მოძრაობთ, სადაც ბევრი ვულკანიზაციაა და ფრთხილად იმოძრავებთ, იქნებ ამოიღოთ კიდეც?  სათადარიგო საბურავი თქვენი ავტომობილისთვის დამატებით 20-25 კგ-ია, რომელსაც მუდმივად თან ატარებთ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მანქანებზე „სათადარიგო საბურავი“, ქარხნულ პაკეტში, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ შედის.

7. გამორთეთ კონდიციონერი და მუსიკა

მძღოლის კომფორტის მოწყობილობებიდან ყველაზე ხარჯიანი კონდიციონერია. მუშაობისთვის საჭიროებს როგორც მექანიკურ (კონდიციონერის კომპრესორი ამოძრავებს ძრავის სარტყელს) ასევე ელექტრო ენერგიას.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კონდიციონერი მნიშვნელოვნად ზრდის საწვავის მოხმარებას – დაახლოებით 0,5-1 ლ / 100 კმ-ზე. ამიტომ საწვავის მაქსიმალური ეკონომიისთვის, სასურველია კონდიციონერის გამორთვა.

ზოგადად, ავტომობილის ნებისმიერი ენერგიის მომხმარებელი თქვენი ბიუჯეტის მტერია, რადგან ეს გენერატორზე დატვირთვას ზრდის, რაც, შედეგად, საწვავის მოხმარების ზრდას იწვევს. ამიტომ გამორთეთ აუდიო სისტემაც. 

რაც შეეხება ფარებს – თუ დღისით მოძრაობთ და ფარები არ გჭირდებათ გამორთეთ ისინიც.

8. აეროდინამიკის გაუმჯობესება

მანქანის სვლის გასაუმჯობესებლად პირველი და ძალიან მარტივი გზა  უბრალოდ ფანჯრების მინების აწევაა.

სიჩქარეზე, ფანჯრებიდან შემომავალი ჰაერის ნაკადი დამატებით აეროდინამიკურ შეფერხებას ქმნის.  რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით მეტია შეფერხება. იმისათვის, რომ სალონში მგზავრობისას კომფორტული ტემპერატურა იყოს, უმჯობესია მგზავრობის დაწყებამდე მანქანა უბრალოდ გაანიავოთ, ყველა კარი ფართოდ გააღოთ და ცოტა ხნით ასე დატოვოთ.

ასევე შესამჩნევად აუარესებს აეროდინამიკას სახურავზე დამონტაჟებული საბარგული და საერთოდ ნებისმიერი ამობურცული ელემენტი, როგორიცაა მაგალითად დამატებითი განათების სტოპები და სხვა.

მრბოლელები ხშირად მიმართავენ ამ აეროდინამიკურ ხრიკს: ისინი ცდილობენ რაც შეიძლება ახლოს მისდიონ წინა მანქანას, რადგან წინ მიმავალი მანქანის უკან ჰაერის წინაღობა გაცილებით მცირეა, რაც ნაკლები საწვავის მოხმარების წინაპირობაა.

წმინდა თეორიულად, ამ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივ გზატკეცილზეც, თუ მაგალითად სატვირთო მანქანის უკან ივლით, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას არ გირჩევთ. წინა მანქანასთან ახლო მანძილზე სიარული საფრთხის შემცველია!

9. დაღმართზე იარეთ ჩაგდებული სიჩქარით

ამ ხრიკის გამოყენება “მექანიკის” შემთხვევაშია შესაძლებელი.

როცა მანქანა დაღმართზე მოძრაობს, არ არის საჭირო “ცეპლენიაზე” დაჭერა, ან საერთოდ თავისუფალში ჩაგდება და ისე მოძრაობა, ეს არა მხოლოდ სახიფათოა, არამედ არაეკონომიურიც.

უბრალოდ ჩააგდეთ შესაბამის სიჩქარეში და აუშვით გაზის პედალს, ამ დროს ძრავა იწყებს ნაკლები საწვავის მოხმარებას, ვიდრე ნეიტრალურში.

10. დროულად ჩაუტარეთ თქვენი რკინის ცხენს ყველა საჭირო სერვისი

ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მატორის ზეთი და აალების სანთლები, ბოლოს როდის შეცვალეთ?

დარწმუნებული იყავით, რომ თუ ავტომობილს საჭირო დროს არ ატარებთ სერვისებს, საწვავის მოხმარება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დროულად მომსახურეობის შემთხვევაში.

რამდენის დაზოგვაა შესაძლებელი?

ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, მარტივი ხრიკების დაცვით, რომლებზეც ვისაუბრეთ, საწვავის მოხმარება შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 15%-ით. 

ეს შეიძლება ყოველდღიურობაში შეუმჩნეველი დარჩეს, თუმცა ერთი წლის განმავლობაში თქვენი დანაზოგი საგრძნობი გახდება. ამისთვის კი, საჭიროა თქვენი მართვის ჩვევებში ოდნავი ცვლილებები შეიტანოთ.

საწვავი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაAudi ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება
შემდეგი სტატიაროგორ უნდა მოვუაროთ მანქანას, რომ დიდხანს გვემსახუროს
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში