35-წლიანი “ვოიაჟი” საავტომობილო სამყაროში, ანუ ფაბიო ფილიპინის დიზაინერული ოლიმპო

იტალიელი დიზაინის გურუ ფაბიო ფილიპინი ბოლო 35 წლის განმავლობაში ავტომობილების გავლენიან დიზაინერად ისეთი ავტომწარმოებლებისთვის მუშაობდა, როგორებიც არიან: Volkswagen, Audi, Groupe Renault და სხვა საერთაშორისო კომპანიები დაწყებული იტალიიდან საფრანგეთამდე ან თუნდაც ესპანეთამდე და ჩინეთიდან იაპონიამდე.

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
2011 წლიდან მას Pininfarina-ს დიზაინის დირექტორის პოზიცია ეკავა

2011 წლიდან მას Pininfarina-ს დიზაინის დირექტორის პოზიცია ეკავა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: Mitsubishi Minica, Audi A8, Kangoo 2, Mégane III, Clio 4, Twingo III, Espace V.

ასევე კონცეპტუალური მანქანები, მათ შორის Pininfarina Cambiano და Sergio. BMW Pininfarina Gran Lusso, წყალბადით მომუშავე H2Speed ​​და Fittipaldi EF7 Vision Gran Turismo.

მან ბედი ალტერნატიული სატრანსპორტო მანქანების დიზაინშიც სცადა, მაგალითად : მატარებელი Eurostar e320 და ტრაქტორი Zetor Concept-ი.

თავისი დიზაინერული მოღვაწეობისთვის ფაბიომ მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის: “წლის ინტერიერის დიზაინი” 2012 წელს და ეროვნული ინოვაციის ჯილდო Pininfarina Cambiano-სთვის. ასევე “საუკეთესო დიზაინის კვლევა” მისი Pininfarina Sergio-სთვის 2013 წლის Autonis Design Awards-ზე.

2018 წელს ის ტოკიოში გადავიდა, მას შემდეგ ის დამოუკიდებელ ავტომობილების დიზაინერად და დიზაინის სტრატეგიის მრჩეველად მუშაობს.

თავისი პროფესიული დიზაინერული სამუშაოების გარდა ის მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კლასიკური მანქანების კონკურსებზე, Pebble Beach Concours d’Elegance-ზე და Salon Privé-ზე საერთაშორისო ჟიურიდაც გვევლინება.

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
2021 წლის მიწურულს ფილიპინიმ თავისი ახალი წიგნი „Curve“-ს გამოსაცემად ევროპა მოიარა

2021 წლის მიწურულს ფილიპინიმ თავისი ახალი წიგნი „Curve“-ს გამოსაცემად ევროპა მოიარა. ის ერთ-ერთ ინტერვიუში თავის ნამუშევრებზე, დიზაინერულ შეხედულებებზე და თავის წიგნზე საუბრობს:

ფაბიო ფილიპინის წიგნი ულამაზესი და დახვეწილი ილუსტრაციებითაა დატვირთული, ილუსტრაციებით, რომლებიც თავად გენიალურმა დიზაინერმა შექმნა.

ილუსტრაციები- საავტომობილო დიზაინის ფერწერა

წიგნის შესავალი საკმაოდ დამაინტრიგებლად იწყება- „რა აქვთ საერთო iPod-სა და Renault-ს? რატომ ქმნიდა Le Corbusier-ი ინოვაციურ არქიტექტურას, მაშინ, როდესაც მანქანას საკმაოდ მოძველებული ხაზებით მართავდა?

როგორ რეაგირებს ავტომობილების ინდუსტრია საზოგადოების ცვლილებებზე და ამ ცვლილებებით განპირობებულ ახალ გარემოებებზე?

ფაბიო ფილიპინის ილუსტრირებული ესსე „Curve“ მანქანის დიზაინის ისტორიას და ავტორის პირად, ასევე პროფესიულ გამოცდილებას აერთიანებს.

ეს არის წიგნი, რომელიც უპრეცედენტო ვნებით, კომპეტენტურობით და ორიგინალურობით საუბრობს მანქანის არსზე და გზაზე, რომელსაც მის შექმნამდე მივყავართ.

ფაბიო ფილიპინი მისთვის გამორჩეულ 5 დიზაინზე საუბრობს:

1. Ferrari 512s Modulo Pininfarina

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
ფაბიო თავის სიას Pininfarina Modulo-თი ხსნის, ავტომობილი 1970 წელს შეიქმნა და ის Ferrari 512S-ზეა დაფუძნებული.

ფაბიო თავის სიას Pininfarina Modulo-თი ხსნის, ავტომობილი 1970 წელს შეიქმნა და ის Ferrari 512S-ზეა დაფუძნებული.

ეს გასაოცრად უნიკალური და განსაკუთრებული Berlinetta იყო. ექსპერიმენტული ერთჯერადი პროტოტიპი, 1970 წლის ჟენევის საავტომობილო შოუსთვის პაოლო მარტინის მიერ იყო შექმნილი.

ის უფრო კოსმოსურ ხომალდს ჰგავდა, ვიდრე მანქანას. ის მომავლის განწყობის ნათელი მაგალითი იყო. პირველი ესკიზები 1967 წელს, მთვარეზე გაფრენამდე გამოჩნდა, და ეს კიდევ ის პერიოდია, როდესაც სტენლი კუბრიკი თავის ფილმზე “2001: კოსმოსური ოდისეა”-ზე მუშაობდა.

Pininfarina-ს ეს კონცეფცია და კუბრიკის “2001”  სხვადასხვა სფეროში იმდროინდელი ფუტურისტული ხედვის მთავარი გამოხატულება იყო. ეს მანქანა დღესაც ფუტურისტულად გამოიყურება.

2. Citroen DS

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
მეორე მანქანა, რომელსაც ფაბიო ასახელებს Citroen DS, 50-იანი წლების „დედოფალია“

მეორე მანქანა, რომელსაც ფაბიო ასახელებს Citroen DS, 50-იანი წლების „დედოფალია“. 1955 წელს, როდესაც ის „დღის სინათლეზე“ გამოვიდა, მისი მსგავსი არაფერი იყო. დღესაც კი ის თანამედროვე ავტომობილებზე ბევრად შთამბეჭდავი და სასურველია.

მისი შიდა სივრცე დიდი და კომფორტულია. აეროდინამიკური თვალსაზრისით ის ფანტასტიკურია, მას მინის დიდი სახურავი აქვს. ფაბიო უცნაურად მიიჩვენს იმ ფაქტს, რომ მისი სახასიათო სახურავი მას შემდეგ არავის გაუმეორებია.

შემდგომ წლებში DS არც ერთი ავტომწარმოებლის ინსპირაცია არ გამხდარა. ფილიპინი ამბობს, რომ ის იყო ლამაზი, თუმცა ანაქრონიზმად დარჩა.

3. Fiat Panda

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
Fiat Panda ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა, ჯორჯეტო ჯუჯარომ 1980 წელს შექმნა.

შემდეგი Fiat Panda-ა. ის ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა, ჯორჯეტო ჯუჯარომ 1980 წელს შექმნა.

ფაბიოს Panda-ს პროპორციები მოსწონს, ამბობს რომ ის მიზანმიმართული, გააზრებული, ფუნქციონალური და დახვეწილია. Fiat Panda ჯუჯაროს მარტივი და გენიალური შედევრია.

4. Nissan Silvia

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
მისი გამოშვებიდან 34 წლის შემდეგაც კი ის ფაბიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტომობილია.

„ცხადია, შემიძლია ჩემს სიას Lamborghini Miura და Ferrari Dino დავამატო, მაგრამ ეს ძალიან აშკარა და მარტივი იქნება… მე მირჩევნია დავამატო იაპონური მანქანა, რომელიც დაახლოებით იმ დროს გამოვიდა, როდესაც პირველად ჩავედი ტოკიოში.“- ფაბიო ფილიპინი

შესაძლოა ახლა ის არ იყოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა, მაგრამ მისი გამოშვებიდან 34 წლის შემდეგაც კი ის ფაბიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტომობილია.

სილვიას დიზაინს პინინფარინას სტილს ადარებს. დაბალანსებული, ლამაზი პროპორციების და სუფთა სტილის მანქანა, ასე აფასებს ნისანის 88-წლის სილვიას იტალიელი დიზაინერი.

„მას საკმაოდ „იტალიური“ გარეგნობა აქვს. წინა ფარებს დახვეწილი დიზაინი აქვს, ბევრი შეიძლება ვერ მიხვდეს, მაგრამ მე, როგორც დიზაინერი, ვუყურებ  და მომწონს მისი ფარების და ძრავის განყოფილების ხუფის, დახვეწილი დეტალები.”

5. Porsche 911

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
ეს ტოპ 5 სია, Porsche 911-ის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა

ეს ტოპ 5 სია, Porsche 911-ის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მისი ნებისმიერი გამეორება, დაწყებული 1964 წლის ორიგინალი მოდელით, დამთავრებული ახალი 992 სერიებით- ეს არის ნამდვილი საავტომობილო შედევრი.

„ჩემთვის 911 არა მხოლოდ ბრწყინვალე ტექნიკური ევოლუცია, არამედ დიზაინის სრულყოფილი, საუკუნოვანი წარმოდგენაა… მიუხედავად იმისა, რომ 911 უპირობო „აიქონია“, მე ამ სიაში 996 ვერსიას ვერ ჩავთვლი, მე ის მძიმე მაკიაჟიან კარიკატურად მიმაჩნია“…

რას ფიქრობს ფაბიო ფილიპინი TESLA’S CYBERTRUCK-ზე?

საუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
როდესაც Cybertruck-ი გამოვიდა საზოგადოების აზრი ორად გაიყო

როდესაც Cybertruck-ი წარადგინეს საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი მას წარმატებულ, ინოვაციურ პროექტად თვლიდა, მეორე კი მიიჩნევდა, რომ ის უბრალოდ „ნაგავი“ იყო.

ფაბიო ფილიპინი თვლის, რომ Cybertruck-ი საკმაოდ გამბედავი და მამაცი კონცეფციაა, თუმცა არა რევოლუციური!

მისი კუთხოვანი ფორმა, მკვეთრი სამკუთხა დიზაინი ინოვაცია ნამდვილად არ არის. მსგავს ფორმებს Aston Martin Bulldog-ზე ან Citroen Karin-ის კონცეფციაზეც ნახავთ.

„მე არ ვუყურებ Cybertruck-ს, როგორც დიზაინის მხრივ ინოვაციურ და განსხვავებულ ქმნილებას. დიახ, მისი ელექტრო ძრავის ტექნოლოგია ინოვაციურია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საავტომობილო ბაზარს სურს“-თქვა ფაბიო ფილიპინიმ.

იტალიელი დიზაინერი ფიქრობს რომ ასეთი აგრესიული დიზაინის გამოყენება, თანამედროვე ეპოქაში მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი გადაწყვეტილებაა.

ის ტესლას „შემტევს“ კარიკატურას ადარებს და როგორც ექსპერტი ამბობს, რომ მანქანის დიზაინის 99%-ში არც ერთი სწორი ხაზი არ არის გამოყენებული.

რატომ ჩავიდა იაპონიაში 30 წლის წინ?

ფაბიო ფილიპინი 80-იან წლებში იტალიაში Mitsubishi-ის იაპონურ დიზაინებზე მუშაობდა. მისთვის იაპონურ პროდუქციაზე მუშაობა განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა.

ის შედარებებს იტალიურ „ხელწერასთან“ აკეთებდა და მუდამ დიდ განსხვავებებს აწყდებოდა. ნელ-ნელა ფაბიოს ახალ-ახალი იდეები და მისწრაფებები უჩნდებოდა, მათ კი იაპონურ გეგმებთან აკავშირებდა.

ათვალიერებდა ჟურნალებს, სატალევიზიო რეკლამებს. მისთვის, ერთ-ერთი საინტერესო და შთამაგონებელი რეკლამა  Bridgestone-ის საბურავების რგოლი ყოფილა:

 „ტექსტი ვერ წავიკითხე, მაგრამ სურათები მეტყველებდნენ“… ვნახე ზღვა, სანაპირო, კაცი და ძაღლი, ბოლოს საბურავების პატარა ფოტო და წარწერა- Bridgestone. ვთქვათ, ეს რომ იტალიური Pirelli-ს საბურავების რეკლამა ყოფილიყო, საბურავები უფრო გამოკვეთილი და წინა პლანზე წამოწეული იქნებოდა. დამაინტერესა მათმა დახვეწილობამ და ჩამითრია ახალმა დიზაინის სამყარომ.“

1988 წელს ფაბიოს იაპონიაში იწვევენ სამუშაოდ. დიზაინერი მალევე თანხმდება შემოთავაზებას და გზას ახალ ხედვებს, ახალ გამოწვევებს უხსნის.

იტალია მისთვის ძალიან ახლობელი იყო, მაგრამ მას რაღაც ახალი სტიმული და განსხვავებული გარემო სჭირდებოდა. ის მიიზიდა რაღაც უცნობმა, მისთვის „გაუგებარმა“ და ფაბიო თავისი კომფორტის ზონას გასცდა.

იაპონიის ავტოინდუსტრია 80-იანი წლების ბოლოს

შესაძლოა ითქვას, რომ 80-იანი წლების მიწურული იაპონური მანქანების დიზაინის პიკია, საზოგადოებამ ამ პერიოდში იხილა- Skyline GT-R, Mazda MX-5, Subaru Legacy, Toyota Celsior. აშშ-ში გაიხსნა ლუქს ბრენდები Lexus-ი და Infiniti-ი.

ფაბიო იხსენებს 80-იან წლებს და ამბობს, რომ ეს პერიოდი ცოცხალი და ენერგიული იყო.

იაპონური დიზაინი ნაწილობრივ ესთეტიკური და ნაწილობრივ ფილოსოფიური იყო მათ ესთეტიკის განსხვავებული კრიტერიუმები ჰქონდათ.

„იაპონური დიზაინი ძირითადად გერმანული ან იტალიური დიზაინის მსგავსი იყო, მაგრამ მასში ყოველთვის ერია რაღაც ირონიული – კარგი ან ცუდი“.

ფაბიო ამბობს, რომ ევროპაში ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული იყო, იაპონიაში დიზაინერებს ყველაფრის „შერევა“ შეეძლოთ, ყოველგვარი ბარიერის და საზღვრის გარეშე.

ბევრი ფიქრობდა, რომ იაპონელები  ძველი ევროპული მანქანების „რეპლიკას“ აკეთებდნენ, მაგრამ ეს ასე არ იყო ისინი გარკვეულწილად ჰგავდნენ ევროპულ მანქანებს, მაგრამ მათ ყოველთვის საკუთარი იდენტობა ჰქონდათ.

80-იანი წლების ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში იაპონია შემოქმედებით მწვერვალზე იდგა, მაშინ ფაბიო მიხვდა, რომ ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო.

დიზაინერმა უკვე ნათლად დაინახა თუ რა დადებითი და უარყოფითი ასპექტები ჰქონდა იტალიურ და იაპონურ დიზაინს.

საერთო მნიშვნელი მათ სისუფთავე, სიმარტივე და ინოვაციისადმი სწრაფვა ჰქონდათ. იაპონური საავტომობილო დიზაინის ფილოსოფია ფილიპინიმ 2011 წელს, პინინფარინაში გადასვლისას თან “გაიყოლა”.

ფაბიო ფილიპინი თვლის, რომ მის შემოქმედებით განვითარებაში იაპონიამ დიდი წვლილი შეიტანა.

დიზაინერი 2000-იანი წლების იაპონურ ინდუსტრიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნე იაპონიაში საავტომობილო დიზაინის არასწორი მიმართულებით განვითარებით დაიწყო.

„90-იანი წლების ბოლოდან თითქოს დაიკარგნენ და ეშინოდათ რაიმეს გაკეთება, ან არ იცნოდნენ რა გაეკეთებინათ“.

საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ და ასეც მოხდა Nissan-მა კარლოს გოსნი დაიქირავა, Toyota-მ კი სერიოზული ჰიბრიდების ერა დაიწყო.

“ამ პერიოდს, შესაძლოა, იაპონური რენესანსი ვუწოდოთ”…

ჩინური ავტოინდუსტრია

ფილიპინიმ ჩინური ინდუსტრიაც მიმოიხილა. აღნიშნა, რომ ჩინელებს განსაკუთრებით უყვართ ელექტრომობილები და ახალი ტექნოლოგიები.

ისინი სწრაფად ადაპტირდებიან ელექტრულ სამყაროში, განსახვავებით ევროპელებისგან, ამერიკელებისგან და თუნდაც იაპონელებისგან( მათ შიდა წვის ძრავიდან „გამოსვლა“ ჯერ კიდევ უჭირთ.)

ჩინეთმა უკვე დიდი ნახტომი გააკეთა ტექნოლოგიური განვითარებისკენ და ეს მათ მნიშვნელოვანი პოზიციის მოპოვებაში ეხმარება.

მათ არ ჰქონდათ ბაზა, წარსული, მათ ფაქტობრივად არაფრისგან დაიწყეს. ფაბიო პარალელს ტელეფონების ინდუსტრიასთან ავლებს და ამბობს, რომ 10 წლის წინ არავინ იცოდა Huawei-ს შესახებ, დღეს კი ის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა.

ელექტროგადამცემების გავლენა დიზაინზე

„ცხადია, ახალი EV ელექტროგადამცემები მანქანის დიზაინს სულ სხვა მიმართულებით წაიყვანენ“.

დიზაინერმა აღნიშნა, რომ მომხმარებლებს ტრადიციული დიზაინის შენარჩუნება სურთ, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ ელექტროგადამცემები არა მხოლოდ ძრავის ტიპს, არამედ მთელ სტრუქტურას ცვლიან.

ფაბიომ იაპონიაში თავის ამჟამინდელ საქმიანობაზეც ისაუბრა. ბოლო რამდენიმე წელიწადი ის ტოკიოში მანქანის დამოუკიდებელ დიზაინერად და დიზაინის სტრატეგიის მრჩეველად მუშაობდა. ის ამბობს, რომ ახლა ავტომწარმოებლებთან და სხვა დიზაინერ კომპანიებთან თანამშრომლობს.

დიზაინერმა აღნიშნა, რომ პარალელურად მდგრადი ტრანსპორტის (სატვირთო მანქანები, ავტობუსები და სხვ.) განვითარების მიზნით გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობს.

რას ურჩევს ფაბიო ფილიპინი ახალგაზრდა დიზაინერებს?

ფილიპინი ამბობს, რომ განვითარებისთვის მუდმივი მოგზაურობა და ახლის ძიებაა საჭირო. მათ ურჩევს, რომ კომფორტის ზონის გარეთ მუშაობის არ შეეშინდეთ. მოუწოდებს მუდმივი განვითარებისკენ და „ღიაობისკენ“, მოუწოდებს, რომ არ შეუშინდნენ კრიტიკას!

წყარო: yankodesign

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Fabio Filippini

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]