Pixar Cars-ის გაცოცხლებული პერსონაჟი, უნიკალური Porsche 911 Sally Carrera-ს დებიუტი მონტერეის მანქანის კვირეულის ფარგლებში შედგება
Porsche Sally Carrera-ს, Pixar-ის საკულტო ფილმ Cars-ის პერსონაჟს აცოცხლებს. ავტომწარმოებელმა 911-ის ერთი უნიკალური ეგზემპლარი შექმნა და მას Sally Special უწოდა.
ავტომობილის დებიუტი წლევანდელ Monterey Car Week-ზე შედგება.
Sally Special-ის შესაქმნელად პორშემ დახმარებისთვის ორიგინალური Cars-ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს მიმართა.
ბრენდის მიზანი Sally Carrera-ს იერსახის თანამედროვე 911-ზე გადმოტანა იყო.
აღსანიშნავია, რომ ფილმში სალი კარერას დიზაინი 2002 წლის 911-დან იყო შთაგონებული. უნიკალური ეგზემპლარი მიმდინარე 911 Carrera GTS-ს ბაზაზეა შექმნილი.
სიმძლავრე ტყუპი ტურბო 3.0-ლიტრიანი ძრავიდან მოდის. ძრავი ავტომობილს 473 ცხენის ძალას აწვდის. მისი ბრუნვის მომენტი კი 569 ნიუტონ მეტრს უტოლდება.
Sally Special-ს შვიდ-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.
შექმნის პროცესი უამრავ ასპექტს მოიცავდა, ერთ-ერთი კი უნიკალური ფერის- Sally Blue Metallic-ის მიღება იყო. ის, ფაქტობრივად, ორიგინალი სალი კარერას ფერის ზუსტი ანალოგია.
Sally Special-ი პორშე 996-ის მსგავსად, ტურბო ბორბლების უნიკალურ კომპლექტზე „მოძრაობს“. წინ 20-ინჩიანი, ხოლო უკან 21-ინჩიანი ბორბლებია დამაგრებული.
რაც შეეხება ინტერიერს, ამ შემთხვევაშიც Sally Blue Metallic-ია გამოყენებული. ფერი დომინირებს დაფაზე, ცენტრალურ კონსოლზე და კარის მორთვაზე.
ავტომობილის B სვეტზე სალი კარერას “ხელმოწერაა” დატანილი. საბურავის სარქველის თავსახურზე, კარების პანელებზე და სავარძლების მხარეს Cars-ის ლოგოა გამოსახული.
Porsche Sally Special-ს აუქციონზე საქველმოქმედო მიზნით გაიტანს.
Gallery: Porsche 911 Sally Special











