Mercedes-Benz-ის ცხაურმა 12 ათწლეულის განმავლობაში დიდი და მრავალფეროვანი გზა გაიარა, ევოლუცია Merc-ისეულად
ავტომობილის ბრენდის გარკვევის უმოკლესი და უმარტივესი გზა ცხაურზე გადის. მანქანას უნიკალურ გამომეტყველებას სწორედ ცხაური აძლევს.
პლანეტის საავტომობილო ბრენდების ზღვაში ავტომობილის იდენტობას დიდწილად ცხაური აყალიბებს.
მანქანების ცხაური დროთა განმავლობაში იცვლება და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით იხვეწება.
სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად Mercedes-Benz-ის ცხაურის ევოლუციაც მრავალფეროვანი და საინტერესოა.
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 1900 წელს ვილჰელმ მაიბახმა მერსედეს 35 PS-ს თავისი გამოგონება, ე.წ honeycomb (ფიჭისებრი) რადიატორი მიამაგრა.
რადიატორის ცხაური შიდა წვის ძრავების გაგრილების პრობლემის გადასაჭრელად იყო შექმნილი.
1931 წელს Mercedes-Benz 170-ის გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაცვის მიზნით რადიატორი გრილის უკან დამონტაჟდა, ცხაური კაპოტის ნაწილი გახდა.
ამ ფაქტმა საკულტო ქრომის ცხაური წარმოშვა, რომელიც არა მხოლოდ დაცვას, არამედ სამქიმიან ემბლემასთან ერთად ვიზუალურ ესთეტიკასაც ემსახურებოდა.
მერსედესი ქრომის ცხაურს ათწლეულების განმავლობაში იყენებდა.
1950-იან წლებში Merc-მა ახალი, დამოუკიდებელი ცხაურის დიზაინი 300 SL „Gullwing“-სა და პატარა 190 SL როდსტერში გამოიყენა. ჰორიზონტალური ზოლები მერსედესის შემდგომი მოდელების სახე გახდა.
2007 წელს მერსედესმა თავის მომხმარებლებს ცხაურის არჩევის შესაძლებლობა მისცა. შერჩევა მოწყობის დონეებზე იყო დამოკიდებული.
სურვილისამებრ ცხაური შეიძლებოდა ყოფილიყო კლასიკური და ელეგანტური ან სპორტული, ავანგარდული. ვარიანტები შემოთავაზებული იყო როგორც C-კლასში, ასევე E-კლასში.
ელექტრომობილების ეპოქაში ცხაურმა დამცველობითი ფუნქცია დაკარგა და დღეს ის, ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზეა პასუხისმგებელი. (გამონაკლისია პანელურ ცხაურზე დამონტაჟებული სენსორები)
გერმანული ავტომწარმოებელი თავისი EQ დიაპაზონისთვის შავ პანელურ ცხაურზე გადადის, ცხაური ფარული სენსორებისთვის იდეალური ზედაპირია.

