Klein Vision Aircar-ი BMW -ს 1.6 ლიტრიან ბენზინის ძრავს გამოიყენებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 189 კმ/სთ-ია და მას 2438 მეტრ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია
მფრინავი მანქანის პროტოტიპს Klein Vision Aircar-ს სლოვაკეთის სატრანსპორტო სამსახურის მიერ ფრენისუნარიანობის სერთიფიკატი მიენიჭა. ეს წარმოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
Klein Vision Aircar-მფრინავი მანქანა
Aircar-ში მგზავრებისთვის 2 ადგილია, მანქანას 2438 მეტრ სიმაღლეზე ფრენა 189 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია.
დასაკეცი ფრთებით და გრძელი კუდით Aircar-ი 2 წუთსა და 15 წამში გზის სატრანსპორტო საშუალებიდან ავტომატურად თვითმფრინავად გარდაიქმნება.
„ეს მფრინავი მანქანა ენთუზიაზმის, ინოვაციური სულისკვეთების და გამბედაობის, ასევე ჩინებული ინჟინერიის შედეგია“ – განაცხადა კომპანიამ.
Klein Vision Aircar-ს BMW -ს 1.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავი ამუშავებს, მან 70-საათიანი ფრენის ტესტირების დროს 200-ზე მეტი აფრენა-დაფრენა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ Klein Vision-ი, პარალელურად, უფრო მძლავრ პროტოტიპზე მუშაობს, მისი უპირატესობა კი 300 ცხენის ძალის მქონე ძრავით იქნება განპირობებული.
პროტოტიპის მაქსიმალური სიჩქარე 299 კმ/სთ იქნება და ის 999 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.
„აღნიშნული სერთიფიკატი ძალიან ეფექტური მფრინავი მანქანების მასიური წარმოებისთვის ხსნის კარს“- სტეფან კლაინი, მფრინავი მანქანის შემქმნელი.
Klein Vision-ის ტესტირება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტებს შეესაბამება. ფირმამ განაცხადა, რომ მან თვითმფრინავის რეჟიმში გასაოცარ სტატიკურ და დინამიკურ სტაბილურობას მიაღწია.
“ორმოცდაათი წლის წინ მანქანა თავისუფლების განსახიერება იყო. Aircar-ი ამ საზღვრებს შემდეგ განზომილებაში გადაყვანით აფართოებს, განზომილებაში, რომელშიც გზა ხვდება ცას”-პროექტის თანადამფუძნებელი ანტონ ზაჟაკი.
Aircar-მა პირველი საქალაქთაშორისო ფრენა გასული წლის ივნისში შეასრულა. ფრენა 35 წუთის განმავლობაში სლოვაკეთის ქალაქებს ნიტრასა და ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტებს შორის განხორციელდა.