სრულად ელექტრო FluxJet-ი თვითმფრინავზე სწრაფი და იაფი იქნება.
კანადურმა სტარტაპმა Transpod-მა სულ ცოტა ხნის წინ ჰიბრიდული თვითმფრინავ-მატარებელი წარადგინა. ცნობილია, რომ FluxJet-ს საათში 999 კმ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
თვითმფრინავი ფრთების გარეშე – ასე მოიხსენიებენ თავის პირმშოს კანადელი მეცნიერები, ის ფიზიკის ახლად აღმოჩენილ მიმართულებაზე, “veillance flux”-ზეა დაფუძნებული, რის მეშვეობითაც მას ენერგიის უკონტაქტოდ გადაცემა შეუძლია.
FlaxJet-ი აღჭურვილია აეროდინამიკური და მამოძრავებელი სისტემებით, რომლებიც სპეციალურად ხახუნის შესამცირებლადაა შექმნილი.
მატარებელს 54-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მასში ასევე განთავსებულია ოთხი საბარგული, სადაც 10 ტონამდე ტვირთი ეტევა.

ის სპეციალური მილების სისტემით (TransPod-ის ხაზი) გადაადგილდება, რაც თავისთავად ხელს უწყობს მთავარ გზებზე საცობების შემცირებას.
TransPod-ის ხაზს სადგურები საკვანძო ლოკაციებსა და დიდ ქალაქებში ექნება, საიდანაც კაფსულები ყოველ 2 წუთში გავლენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ელექტრო მატერებლით მგზავრობის ფასი, თვითმფრინავის ბილეთზე დაახლოებით 44 პროცენტით ნაკლები ეღირება.

პროექტის ფარგლებში კანადაში დაახლოებით 140,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 19,2 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
ის ასევე შეამცირებს CO2-ის გამოყოფას, დაახლოებით 636,000 ტონით წელიწადში.
”ბოლო რამდენიმე წლის თავდაუზოგავმა შრომამ, მიგვიყვანა იმ მნიშვნელოვან მომენტთან, როდესაც ოცნებები რეალობად იქცევა”, – სებასტიან გენდრონი TransPod-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
კომპანია TransPod-მა ახლახან 550 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა და პროექტის შემდეგი ეტაპის განხორციელება დაიწყო, ცნობილია ისიც, რომ TransPod-ის ხაზის მშენებლობა 18 მილიარდი დოლარი დაჯდება. თავდაპირველად ის კანადაში, ალბერტას პროვინციაში, კალგარისა და ედმონტონს შორის გაივლის.