ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა 6,88 მილიარდი დოლარის ღირებულების, 7,92 მილიონი აქცია გაყიდა.
The Wall Street Journal-ის თანახმად, აქციების ამ პაკეტის გაყიდვის შემდეგ, მასკის წილი კომპანიაში 15%-მდე შემცირდა.
ტრანზაქციები 5 და 9 აგვისტოს შუალედში, Tesla-ს 2022 წლის აქციონერთა ყოველწლიური შეკრების შემდეგ განხორციელდა.
Bloomberg-ის შეფასებით, ბოლო ათი თვის განმავლობაში ბიზნესმენმა Tesla-ს დაახლოებით 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. წინა ჯერზე, აპრილის ბოლოს, ეს იყო დაახლოებით 8,4 მილიარდიანი პაკეტი. შემდეგ, Tesla-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აქციების გაყიდვას აღარ გეგმავდა. თუმცა როგორც ჩანს მასკს, Twitter-თან სასამართლო დავა გაურთულდა.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერი ილონ მასკი, სოციალური ქსელ Twitter-თან სამართლებრივ დავაში იმყოფება, მასკი Twitter-ის შეძენასაც აპრილში დაახლოებით 44 მილიარდ დოლარად (54,20 დოლარად თითო აქციაზე) დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.
გამომწერების კითხვაზე აპირებს თუ არა აქციების უკან გამოსყიდვას, მასკმა უპასუხა, რომ აქციებს იმ შემთხვევაში გამოისყიდის, თუ Twitter-თან გარიგება საბოლოოდ ჩაიშლება.
როგორც CNBC წერს, თუ Twitter-თან შეთანხმება ვერ შედგა, Tesla-ს და Space X-ის შეფი საკუთარი სოციალური ქსელის, X.com-ის შექმნას განიხილავს.