ტესლა მოტორსის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი, აცხადებს რომ სოციალური ქსელი ტვიტერის შეძენა აღარ უნდა და აღნიშნული გარიგების შეწყვიტა სურს. თავის მხრივ ტვიტერი მოლაპარაკების ბოლომდე მიყვანას სასამართლოში ჩივილის გზით აპირებს.

მასკის ადვოკატების მიერ წარმოდგენილ მასალებში წერია, რომ გარიგების საწყის ეტაპზე კომპანიამ მათ კლიენტს, არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია პლატფორმაზე არსებული “ფეიკი” პროფილების შესახებ.

გარიგების შეწყვიტის შესახებ მასკის ამ განცხადებას, Twitter-ის აქციების 6%-ით გაუფასურება მოჰყვა.


კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ბრეტ ტეილორი აცხადებს, რომ ტვიტერი აპირებს მიმართოს სასამართლოს, რათა შესყიდვის შესახებ გარიგების ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოს.

“Twitter-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა ბოლომდე მიიყვანოს ბატონ ილონ მასკთან თავდაპირველი შეთანხმება და აპირებს მიმართოს სასამართლოს, რათა გარიგება შეთანხმებული ფასის და პირობების მიხედვით მოხდეს. დარწმუნებული ვართ დელავერის სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – დაწერა ტეილორმა საკუთარ ტვიტერზე.

მასკის ადვოკატების განცხადებაში კი ნათქვამია, რომ Twitter-მა ვერ შეძლო, ან მიზანმიმართულად არ გაამხილა სწორი ინფორმაცია პლატფორმაზე არსებული ყალბი პროფილების შესახებ, რასაც კომპანიის ბიზნესის ეფექტურობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ტვიტერმა ის პირობები ვერ შეასრულა, რომელსაც მასკი შეთანხმების დადებისას დაეყრდნო.

ადრე მასკი აცხადებდა, რომ შეწყვეტდა გარიგებას, თუ სოციალური ქსელის მენეჯმენტი ვერ დაუმტკიცებდა, რომ ყალბი პროფილები Twitter-ის აქტიური მომხმარებლების 5%-ზე მეტს არ შეადგენს.

ივნისში რეგულატორებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, ის წერდა, რომ როგორც კომპანიის მყიდველს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს და შეაფასოს Twitter-ზე არსებული სპამ პროფილების რაოდენობა.

მასკის მხარე აცხადებს, რომ ტვიტერმა ამ სახით დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულება.

თავის მხრივ ტვიტერი აცხადებს, რომ მისი საორიენტაციო ციფრები სპამ პროფილებთან მიმართ სწორია, თუმცა ტესლას შეფის აზრით სოციალური ქსელის ყალბი პროფილები გაცილებით მეტია ვიდრე შეთანხმებული, აქტიური მომხმარებლების 5 პროცენტი. მისი აზრით, ტვიტერის აქტიური მომხმარებლების 20%-მდე ყალბი პროფილებისგან შედგება.

ილონ მასკი გახდა ტვიტერის ყველაზე მსხვილი აქციონერი, როდესაც მიმდინარე წლის აპრილში კომპანიის 9,1% წილი შეისყიდა. გარიგების ღირებულებამ 2,64 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც Twitter-ის საერთო ღირებულება 30 მილიარდ დოლარად განსაზღვრა.

მაშინ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მზად არის შეისყიდოს დარჩენილი აქციები სრულად ცალი 54 დოლარის შეფასებით, რაც მთლიან კომპანიას 44 მილიარდიან შეფასებას აძლევდა.

ინვესტორები მასკის მხრიდან მსგავს ქმედებას ადრევე ვარაუდობდნენ

როიტერსი გვახსენებს, რომ მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა ტვიტერის ყიდვის განცხადება გააკეთა, რამდენიმე დღის განმავლობაში აქციების ფასი დაბლა წამოვიდა, რადგან ინვესტორებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ მასკს შესაძლოა ჩაეშალა გარიგება.

კონტრაქტის მიხედვით მასკმა ტვიტერს 1 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს, თუ კონტრაქტი ისეთი მიზეზებით დაირღვა, როგორიცაა: გადახდის უუნარობა, ან გარიგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დაბლოკვა. თუმცა ეს მუხლი არ ეხება იმ შემთხვევას, თუ მასკმა თავისი სურვილით გადაწყვეტა გარიგების შეწყვიტა.

როიტერსის ვარაუდით, ილონ მასკის ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით გრძელვადიან სასამართლო პროცესს გამოიწვევს, რაც Twitter-ის აქციებისთვის კარგი ნამდვილად არ უნდა იყოს.

Elon Musk Twitter

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2022 Audi RS7 Exclusive Edition-ის დებიუტი შეზღუდული რაოდენობით
შემდეგი სტატიამზის ენერგიაზე მომუშავე ძვირადღირებული სამოგზაურო ფურგონი წყალს ჰაერიდან გამოიმუშავებს
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში