რამდენად დიდია ხანძრის რისკი ელექტრო მანქანებში და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ლითიუმ-იონური ბატარეის აალება

უკვე რამდენიმე წელია ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა გაიზარდა, გაიზარდა მიწოდებაც, დაჩქარდა ტემპიც და შესაბამისად მათ უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა.

განსაკუთრებით საყურადღებო სახანძრო უსაფრთხოებაა, რადგან ლითიუმ-იონური ბატარეის ჩაქრობა თითქმის შეუძლებელია.

ელექტრო მანაქანების აალება

იმის მიუხედავად, რომ ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ხანძრის ალბათობა ბევრად დიდია, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას ელექტრომობილების აალება იპყრობს, რატომ?

1. ტექნოლოგია ახალია

2. აალება შეიძლება იყოს სპონტანური

3. ელექტრომომარაგების ხანძარი კომპლექსურია და ხშირად უაღრესად ტოქსიკური ორთქლის ღრუბელს წარმოქმნის

4. ელექტრო მანქანაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, დიდია ალბათობა იმის, რომ აფეთქება მოხდეს

5. და როდესაც გგონიათ, რომ ხანძრი ჩაქრა და ყველაფერი დამთავრდა მან შესაძლოა ისევ იფეთქოს, რამდენიმე საათის, დღის ან კვირის შემდეგ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის რომ საზოგადოება ელექტრომობილების ხანძრით შეშფოთებულია. განსაკუთრებული რისკის წინაშე კი ისინი დგანან, ვისაც ხანძართან გამკლავება უწევთ.

საბედნიეროდ სახანძრო-სამაშველო სამსახურები მათთან გამკლავების სტრატეგიებს აქტიურად ავითარებენ.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ელექტრო მობილების ინციდენტის დროს სტანდარტულ სახანძრო მანქანას სპეციალიზებული ბრიგადა მიჰყვება.

მათ შეიმუშავეს სისტემა, რომლის მიხედვითაც სახანძრო ეკიპაჟები მარტივად ადგენენ თუ კონკრეტულად რომელი ელექტრო მოდელია და სად აქვს დამონტაჟებული ბატარეა.

ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ელექტრო ძრავის ხანძარს. ძირითადი პრინციპი ბატარეის გასაგრილებლად დიდი რაოდენობით წყლის ჭავლი და ხანძრის ჩასაქრობად ხანძარსაწინააღმდეგო საბნის გამოყენებაა.

როგორც უკვე აღვნიშნე დიდი რაოდენობით წყლის შესხმაც არ არის გარანტი იმისა, რომ ბატარეა კვლავ არ აალდება.

ელექტრომობილები და სახანძრო პროტოკოლი

ელექტრო ძრავების ხანძრებთან მომუშავე ეკიპაჟს სპეციალური სასუნთქი აღჭურვილობა სჭირდებათ, სტანდარტული აირწინაღი და უნიფორმა ტიქსიკური კვამლის დროს არაეფექტურია.

ამ შემთხვევაში ხანძრის ჩასაქრობად ინერტული აირები არ გამოიყენება. ქიმიური ალი ჟანგბადს არ საჭიროებს.

აუცილებლად უნდა შემოწმდეს მიმდებარე ტერიტორია, რადგან აფეთქებამ შესაძლოა ბატარეის ნაწილები გაისროლოს და ისინი მოგვიანებით სპონტანურად აალდნენ.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ელექტრომობილი შენობებისგან და მანქანებისგან განცალკევებით უსაფრთხო ადგილას უნდა განთავსდეს.(უფრო რადიკალური ნაბიჯი მანქანის წყალში ჩაძირვაა, თუმცა ეს არ უნდა იყოს ზღვის წყალი, რადგან შესაძლოა ქლორმა გამოჟონოს).

პოლ კრისტენსენი ნიუკასლის წმინდა და გამოყენებითი ელექტროქიმიის პროფესორი საზოგადოებას ტექნოლოგიების უპირატესობაზე ესაუბრება და ელექტრომობილების ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშებს აქარწყლებს.

„ჩვენ არ უნდა ვიღელვოთ ელექტრო მანქანების ხანძრის მცირე შემთხვევის გამო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ლითიუმ-იონური ბატარეა ძალიან მცირე სივრცეში უზარმაზარ ენერგიას ინახავს.

კრისტენსენმა თავისი კამპანია, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო მექანიზმების შესახებ ინფორმირებას მოიცავს ევროპის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახანძრო-სამაშველონ სამსახურებს გააცნო.

პროფესორი დიდ აქცენტს ლითიუმ-იონური ბატარეის სტრუქტურაზე აკეთებს.

“ბატარეის ხანძრის კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ მისი ჩაქრობა შეუძლებელია”, – ამბობს კრისტენსენი

 პროფესორმა ჩატარებულ ცდებში აჩვენა, რომ აკუმულატორის პერფორაციამ ან ავარიის დროს სხვაგვარად დაზიანებამ შესაძლოა აალება გამოიწვიოს.

„თუ ელექტრომომარაგების ბატარეის კორპუსი დაზიანებულია, უნდა ჩავთვალოთ, რომ საფრთხე არსებობს“.

ტოქსიკური კვამლი და ლითიუმ-იონური ბატარეა

ელექტრო მანქანები და ხანძრის რისკები
მხოლოდ ერთი დაზიანებული უჯრედიც საკმაირისია იმისთვის, რომ რისკის წინაშე აღმოვჩნდეთ

ცნობილია, რომ ბატარეის პაკეტებს ცეცხლი გადახურების ან დამუხტვის დროსაც უჩნდება. უფრო შემაშფოთებელი კი ბატარეის სპონტანური აალებაა. მხოლოდ ერთი დაზიანებული უჯრედიც საკმაირისია იმისთვის, რომ რისკის წინაშე აღმოვჩნდეთ.

ბატარეის ალი ჩირაღდნის „პრინციპით“ მოქმედებს. ის სწრაფად აალებს ყველაფერს, რაც წინ შეხვდება. ამიტომ კრისტენსენი დიდ აქცენტს უსაფრთხოების რისკებზე აკეთებს და საბჭოებს/ორგანიზაციებს მიწისქვეშა ავტოსადგომების და ავტობუსების საცავების უსაფრთხოების საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

„გვირაბები, ბორნები, ავტოსადგომები, სატვირთო გემები, ყველა ის ადგილი, სადაც ელექტრომობილებს იპოვით, სარისკოდ უნდა ჩაითვალოს.“

პროფესორი კლასიკური მანქანების მეორეული ლითიუმ-იონური ბატარეით გადაკეთებაზე საუბრობს და ამ ფაქტს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.

”არავინ იცის, რამდენად უსაფრთხოა გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეები და მათს შესამოწმებლად არც სტანდარტული ტესტია შემუშავებული.“

ის ამბობს, რომ ზოგი ბატარეა არალეგალურად შემოდის, „კონტრაბანდული“ ბატარეის უსაფრთხოებაზე კი პასუხისმგებელი ვერავინ იქნება.

სახანძრო კონტეინერი ელექტრომობილებისთვის

ელექტრო მანქანები და ხანძრის რისკები
კონტეინერი სპეციალურად წლის გამშვებებითაა აღჭურვილი

დანიაში სახანძრო სამსახურებმა თავიანთი ტექნიკის რიგებში სპეციალური სახანძრო მანქანაზე მისაბმელი კონტეინერი დანერგეს.

უკვე ჩამქრალ ელექტრომობილს ამ კონტეინერში ათავსებენ, კონტეინერი სპეციალური წლის გამშვებებითაა აღჭურვილი და საჭიროების შემთხვევაში შიგ მოთავსებულ ავტომობილს ავტომატურად მიაწვდიან წყალს. ამ კონტეინერით ელექტრომობილი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ და იქ ტოვებენ.

წყარო: autocar.co. uk

ელექტრო მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაTesla Roadster-მა კოსმოსში, თითქმის 3,2 მილიარდი კილომეტრი „გაიარა“
შემდეგი სტატიაZ-Triton- ველოსიპედი, ნავი და მოსასვენებელი კარავი