Audi ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებლი NIO-ს მოდელების სახელის გადარქმევას მოითხოვს. კომპანიამ სასაქონლო ნიშნის დარღვევის შესახებ საჩივარი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში (EUIPO) შეიტანა.
როგორც Spiegel წერს დავა NIO-ს ევროპულ ბაზარზე შესვლის და, კერძოდ, გერმანიაში პოზიციონირების გეგმების ფონზე წარმოიშვა.
ჩინური ავტომწარმოებელი, ბერლინში თავისი პირველი შოურუმის გახსნას ამ შემოდგომაზე აპირებს, ხოლო გაყიდვებს სავარაუდოდ ელექტრო სედანი ET7-ით დაიწყებს.
Audi-ს თავიდანვე არ მოსწონდა NIO-ს ორი ქროსოვერის – ES6 და ES8 სახელები. გერმანული ფლაგმანის აზრით, მომხმარებელს ეს სახელები ადვილად აერევა მის S6 და S8 მოდელებში. ახლა კი კომპანიამ EUIPO-ს NIO-ს კიდევ ერთი ელექტრო ქროსოვერის, ES7-ის თაობაზე მიმართა. როგორც ჩანს, აუდის ეს სახელი, მისი S7 Sportback-ის გამო არ მოსწონს.

Spiegel-ის ცნობით, თუ NIO EUIPO-ს საჩივარს არ უპასუხებს, გერმანული კომპანია მზადაა კიდევ ერთი სარჩელი შეიტანოს. ჩინურ კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
Audi-ის პირველი სარჩელის შემდეგი მოსმენა, მიუნხენის სასამართლოში 6 დეკემბერს გაიმართება.