Strategic Vision-ის კვლევაში მონაწილე, ამერიკელი მძღოლების 26%-მა განაცხადა, რომ განიხილავს Apple-ის ელექტრომობილის შეძენას, როდესაც ის ხელმისაწვდომი გახდება.
საკონსულტაციო სააგენტო Strategic Vision-მა თავისი შემდეგი კვლევის, New Vehicle Experience-ის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში კომპანია, ამერიკელ მძღოლებს აზრის დაფიქსირებას არამხოლოდ ბაზარზე არსებულ, არამედ კონცეპტუალურ მოდელებზეც სთხოვს.
წელს Apple-ის ბრენდი გამოკითხვაში პირველად შეიყვანეს და პოტენციურ მყიდველებს შორის მყისიერი წარმატება აჩვენა, მან სიაში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ Toyota-ს (38%) და Honda-ს (32%) ჩამორჩა. მეოთხე და მეხუთე ადგილი Ford-ს (21%) და Tesla-ს (20%) ერგო.
ნდობის დონე მანქანისადმი, რომელიც ჯერ არ არსებობს, უპრეცედენტოდ მაღალია. გამოკითხულთა 24%-ს სჯერა რომ ეფლის მანქანა აუცილებლად მაღალი ხარისხის იქნება. ხოლო Tesla-ს ამჟამინდელი მფლობელებიდან, ნახევარზე მეტი მზად არის განიხილოს “ჩაკბეჩილ ვაშლიანი” ელექტრომობილი.

გამოკითხული ამერიკელების 34%-მა გულწრფელად თქვა, რომ ჯერ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია Apple-ის მომავალი მანქანის შესახებ, შესაბამისად არ არიან მზად მასზე არჩევნის გაკეთებისთვის.
საინტერესოა ისიც, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, Apple-მა ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერი გადმოიბირა Lamborghini-დან. ლუიჯი ტარაბორელი იტალიურ ბრენდში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ყველაზე ოპტიმისტური გეგმებით, Apple Car დებიუტი 2024 წლისთვის არის მოსალოდნელი.