2021 წლის მიუნხენის ავტოშოუ ექსტრავაგანტული კონცეპტუალური მანქანიების სიმრავლით გამოირჩეოდა
ადამიანები ყოველთვის მოხიბლულები/დაინტერესებულები იყვნენ მომავლით, ცდილობდნენ მის განჭვრეტას და საიდუმლოების ამოხსნას, ზოგი იმასაც კი ცდილობდა რომ საკუთარი მომავალი აწმყოშივე შეექმნა.
განვითარდა მსოფლიო, განვვითარდით ჩვენც და გონებრივი წარმოდგენების ვიზუალიზაციას სხვადასხვა გამომსახველობითი მექანიზმებით ვახერხებთ.
რაც შეეხება მომავლის ავტოინდუსტრიას, რაც ახლა მახსენდება, ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი და აღმაფრთოვანებელი გამოგონება თვითმართვაა.
ჩვენ არ ვიცით/ვერ გავთვლით თუ როდის მოხდება თვითმართვადი ავტომობილებით ავტოინდუსტრიის სრულად დაკომპლექტება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მკვეთრი და წარმატებული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
იყო წარმოუდგენელი იდეებიც, მფრინავ ავტომობილებთან დაკავშირებით და მსოფლიო ამ გენიალური იდეის განხორციელებას მოუთმენლად ელოდება.
მიუნხენის წლევანდელ ავტოშოუზე მსგავსი გიჟური კონცეფციის მანქანების უმეტესობა იყო წარმოდგენილი.
2021 წლის ავტოშოუმ დაგვანახა, რომ კოვიდ პანდემიით გამოწვეული ბევრი დაბრკოლების მიუხედავად ავტომწარმოებლებმა ახლის შექმნა და საზოგადოების გაოცება მაინც შეძლეს.
Hotcars-ი გვთავაზობს 10 გამორჩეულ კონცეპტუალურ ავტომობილს მიუნხენის ავტოშოუდან:
10. Porsche Mission R Electric Racer Car

პორშემ ეს სრულად ელექტრომობილი 2021 წლის მიუნხენის ავტოშოუზე წარადგინა. ავტომწარმოებელი ამბობს, რომ მისი კონცეფცია მოტოსპორტის სამყაროს თამაშის წესებს რადიკალურად შეცვლის.
ავტომობილი მძღოლებს და გულშემატკივრებს ახალი „ძაფებით“ დააკავშირებს ერთმანეთთან. ავტომობილის სახურავი, ძირითადად, მინისგანაა შექმნილი. ეს დეტალი მაყურებელს რბოლის დროს მძღოლის ზემოდან დანახვაში დაეხმარება.

მანქანას A სვეტზე მოძრავი კამერა ექნება, ასევე ექნება ჩაფხუტის და უკანა დაფის კამერები. საჭე სათამაშო აპარატის ფორმისაა და მას ბიომეტრიული სენსორები აქვს, რომლებიც მძღოლის სასიცოცხლო მაჩვენებლებს აკონტროლებენ.
ამ ავტომობილს 0-დან-100 კმ/სთა-მდე ასაჩქარებლად, მხოლოდ 2.5 წამი დასჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ იქნება. ავტომწარმოებლის ინფორმაციით ელექტროძრავი 1073 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
9. BMW I-Vision Circular

BMW-მ, მიუნხენის საავტომობილო გამოფენაზე ახალი, 4-ადგილიანი ელექტრომობილი i Vision Circular-ი წარადგინა, ის 2040 წლის კონცეპტუალური საქალაქო ტრანსპორტის სახეა. გერმანული ბრენდის თამამი კონცეფცია i Vision Circular-ი რადიკალური ზომებით და სახასიათო დეტალებით გამოირჩევა.
i Vision Circular-ი განსაკუთრებულ ყურადღებას მისი შექმნის სპეციფიკით იპყრობს. ის შექმნილია „წრიული ეკონომიკის“ პრინციპების გამოყენებით, რომელიც გადამუშავებული მასალის მეორეულ, მესამეულ და ა.შ გამოყენებას გულისხმობს.

საბურავები დამზადებულია მდგრადი, დამუშავებული ბუნებრივი რეზინისგან. კორპუსი მეორეული შეუღებავი ალუმინისგანაა დამზადებული.(ისევე, როგორც Mini-ს მინიმალისტური კონცეფცია) ალუმინი ანოდიზირებულია ღია ოქროსფერი საფარით.
რაც შეეხება ინტერიერს – სალონი საკმაოდ მინიმალისტურია, ის გაწყობილია 3D პრინტის პანელებით, რომლებშიც ლავანდისფერი “ნერვული სტრუქტურის” კრისტალები გადის და მას მომაჯადოვებელი განათების ეფექტს აძლევს.
8. Concept Mercedes-Maybach EQS SUV

კონცეფციის დებიუტი მიუნხენში შედგა, ამბობენ, რომ ეს ახალი, სრულად ელექტრომობილი „ფუფუნებაზე ორიენტირებული“ მარკის კიდევ ერთი შედევრი იქნება.
როგორც მაიბახი აანონსებს ახალი კონცეფცია სრულიად რეალურია და ამ ვერსიას 2022 წელს ვიხილავთ.

ახალ კონცეფციას, მისი ელექტრიფიცირებული პარამეტრების გათვალისწინებით, დიდი ცხაური არ სჭირდება. ავტომობილის წინა ნაწილისთვის სახასიათოა ვრცელი, განიერი პანელი, პრიალა, ვერტიკალური, წვრილი ზოლებით, შავ ფონზე.
ავტომობილის სალონი შთაგონებულია იახტის კონცეფციისგან. უკანა ცენტრალური კონსოლი გაწყობილია ვარდისფერ-ოქროსფერი ტონალობის ზოლიანი მომინანქრებული ზედაპირით. დანარჩენი მასალა ღრმა, ლურჯი ზღვისფერია. იატაკი დაფარულია ხელოვნური ბეწვით.
7. Audi Grandsphere Concept

Skysphere-ის კონცეფციის მსგავსად, Grandsphere-იც იზიარებს ბრენდის მიერ შემოთავაზებულ EV მომავალს, რომელიც მოიაზრებს სრულად ელექტროძრავს, თანამედროვე სალონს და მე-4 დონის ავტონომიას. (მე-4 დონის ავტონომია მოიაზრებს თვითმართვად მანქანებს, ეს მანქანები უმეტესწილად არ საჭიროებენ ადამიანურ ჩარევას)

Grand Sphere-ს სალონი არ ჰგავს აუდის იმ მოდელებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ. იმის გათვალისწინებით, რომ Grand Sphere მე-4 დონის ავტომობილების კონცეფციას ითვალისწინებს, მის სალონში საჭე და სატერფულები ავტომატურად დაიკეცება და გაიშლება, ეს სისტემა მძღოლს საშუალებას მისცემს ბოლომდე შეიგრძნოს თვითმართვადი ავტომობილის უპირატესობები.
Audi ახალ Grand Sphere- ს “გზის კერძო რეაქტიულ თვითმფრინავს“ უწოდებს. კონცეფცია და ავტომობილის ვიზუალი ამ სახელწოდებას მართლაც ამართლებს. ავტომობილი საკმაოდ გრძელია, მისი სიგრძე 5,4-მეტრამდეა, სიგანე 2-მეტრამდე.
6. GMC Canyon AT4 OVRLANDX

GMC-მ შოუზე Canyon AT4 OVRLANDX-ი წარადგინა. ავტომობილს ყველანაირი ტიპის/სირთულის რელიეფის გავლა შეუძლია და ამავე დროს, სალონში მსხდომთათვის კომფორტულ მგზავრობასაც უზრუნველყოფს. ეს მანქანა საუკეთესოა მათთვის, ვისაც გარე გართობა და ლაშქრობა ხიბლავს.

ავტომობილს შთამბეჭდავი- 3.6 ლიტრიანი V6 ძრავი აქვს, რომელიც 308 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას 25-სანტიმეტრიანი კლირენსი აქვს. მანქანა აღჭურვილია საქარე მინის დამცავით და მზის პანელით.
5. Daimler-Geely Smart Concept #1

Mercedes Benz AG-ისა და Geely Automobile Group-ის SUV ჭკვიანი კონცეფცია მცირე და კომპაქტური ავტომობილების სეგმენტს მოიცავს. კომპაქტური ზომების და smart დიზაინის მქონე ავტომობილი აქცენტს ტექნოლოგიურ განვითარებაზე აკეთებს.

ავტომობილის წინა და უკანა LED შუქები, რიტმულად „პულსირებენ“, მას ელეგანტური საჰაერო ხვრელები და ხელოვნური ინტელექტი აქვს. 4-ადგილიან ავტომობილს სალონში საკმაოდ დიდი სივრცე აქვს, შუშის პანორამული სახურავი კი უფრო მეტი სივრცის ილუზიას ქმნის.
მას ასევე მძღოლის დამხმარე საშუალებები და უახლესი საინფორმაციო გასართობი სისტემა მოყვება.
4. Hyundai Vision FK

ეს სპორტული ავტომობილი 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამში შეძლებს. ჰიბრიდულ ავტომობილს 482 კმ-იანი დიაპაზონი ექნება. ეს დანამატი ჰიბრიდი შიდა წვის ძრავის ნაცვლად წყალბადზე იმუშავებს.

საწვავის უჯრედები წყალბადს ელექტროენერგიად გარდაქმნიან, რის შედეგადაც გამომუშავდება 134 და 268 ცხენის ძალა (ვერსიების მიხედვით). ავტომობილს ასევე ექნება ელექტრო ბატარეაც.
2. Volkswagen GTI BBS Concept

მიუხედავად იმისა, რომ Volkswagen Golf GTI წლების განმავლობაში მუდმივად იცვლება, ის თავის ძირითად ატრიბუტებს მაინც ინარჩუნებს. ახალი VW GTI BBS კონცეფცია 1980-იანი წლების შუა პერიოდის Mk 2 Golf-ის გარკვეულ ასპექტებს და თანამედროვე ტექნოლოგიას აერთიანებს.

ავტომობილს 2.0-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავი აქვს, რომელიც 241 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
1. Lincoln Anniversary Concept

კონცეფცია ArtCenter-ის კოლეჯის სტუდენტების და Lincoln-ის ერთობლივი ორიგინალური ქმნილებაა. ამ შთამბეჭდავ კონცეფციაში ძირითადი ყურადღება თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზეა გამახვილებული.

ეს არაორდინალურ ქმნილება ავტონომიურ მართვას უზრუნველყოფს და ექნება გრძელი, დახრილი პროფილი. ზედა მხარე საზღვაო თემატიკის აქვს, ორკარიან ავტომობილში 4 ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისი ადგილია.